გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე კარიერას „აიაქსში” გააგრძელებს – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა ამსტერდამში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ნიდერლანდულ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა. „აიაქსსა“ და „მეცს“ შორის მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დაიწყო და წარმატებით დასრულდა. გიორგი მიქაუტაძეს ხუთი გუნდი იწვევდა, მაგრამ „ლიონს“, „რენს“, „შეფილდსა“ და „ლაციოს“ „აიაქსი“ ამჯობინა.
სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის, ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’ Equipe-ის ცნობით, ეს ტრანსფერი „აიაქსს“ თითქმის 20 მილიონი ევრო დაუჯდება. ამგვარად, მიქაუტაძე იქნება „მეციდან“ წასული ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე.
„ლიონის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი 2017 წელს „მეცში“ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონის დაწყებამდე იჯარით თამაშობდა ბელგიის პირველი დივიზიონის „სერენში“, სადაც ბომბარდირი გახდა და ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამავდროულად, მისმა კლუბმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჟუპილერ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში გავიდა, სადაც „ვაასლანდ ბევერენი“ დაამარცხა – ორრაუნდიან დაპირისპირებაში მიქაუტაძემ სამი გოლი გაიტანა და გუნდს დაწინაურებაში დაეხმარა.
გიორგი „მეცში“ 2022 წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა – 2022/2023 წლების სეზონში ექვსჯერ დაასახელეს ლიგა 2-ის კვირის სიმბოლურ გუნდში, გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო „მეცის“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშა.
საფრანგეთში დაბადებული თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში პირველად 2021 წლის მარტში გამოიძახეს. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 25 მარტს, შვედეთის ნაკრებთან მატჩში შედგა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი 2021 წლის 2 ივნისს რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ მესამე ქართველი მოთმაშეა, რომელიც „აიაქსში“ ითამაშებს.