გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ პირველად ივარჯიშა - ამსტრედამში გადასვლაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ პირველად ივარჯიშა - ამსტრედამში გადასვლაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ [ვიდეო] #1TVSPORT

კონტრაქტის გაფორმებისა და წარდგენის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე დაუყონებლივ შეუერთდა „აიაქსის“ მოთამაშეებს და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„აიაქსმა“ მიქაუტაძესთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამსტერდამელები „მეცს“ ტრანსფერში 16 მილიონ ევროს გადაუხდიან, მაგრამ ბონუსების ჩათვლით, ფრანგული კლუბის შემოსავალი 19 მილიონ ევრომდე გაიზარდება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. მიქაუტაძის თქმით, „აიაქსში“ გადასვლა მისთვის თავიდანვე პრიორიტეტული იყო.

„ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლით კმაყოფილი ვარ, რადგან ყველამ იცის, რა დონის გუნდია. როდესაც შეთავაზებებს განვიხილავდი, „აიაქსი“თავიდანვე პრიორიტეტული ვარიანტი იყო და აქ გადასვლაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

ნიდერლანდური კლუბის ვებგვერდმა კომენტარი შოთა არველაძესაც ჩამოართვა, რომელიც „აიაქსში“ 1997 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა და გუნდში 125 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

„მოხარული ვარ და ჩემთვისაც პატივია, რომ დიდი ხნის შემდეგ „აიაქსში“ ქართველი ისევ ითამაშებს. რადგან ჩემთვის „აიაქსი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ათეულშია. მიქაუტაძე საფრანგეთში გაიზარდა და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ის მალე იოჰან კრუიფის სახელობის არენაზეც გამოვა, რაც ისტორიული მოვლენაა და ამით ყველ ქართველი ვამაყობთ“, – ამბობს შოთა არველაძე.