საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) გამოკითხვით, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშეებში მეორე ადგილზე გავიდა – ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი აქვეყნებს.
გიორგიმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა, ორჯერ კი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მიქაუტაძე თვის საუკეთესოებში პირველად დაასახელეს.
ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ „სენტ-ეტიენის“ კოტდ’ივუარელი თავდამსხმელი ჟან-ფილიპ კრასო აღიარეს, მან გამოკითხულთა ხმების 60% მიიღო, მიქაუტაძემ – 25%, მესამე ადგილზე 15%-ით „დიჟონის“ თავდამსხმელი მიქაელ ლე ბიანი გავიდა.
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი (UNFP) დაარსდა 1961 წელს. ტრადიციულად, ეს ორგანიზაცია ავლენს საფრანგეთში ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეებს.
ამას გარდა, ყოველი სეზონის ბოლოს, Trophées UNFP ატარებს სეზონის შემაჯამებელ საზეიმო საღამოს, სადაც საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, ლიგა 1-ში და ლიგა 2-ში საუკეთესო მწვრთნელებს და მსაჯებს ასახელებს.
ორგანიზაცია სხვა მნიშვნელოვან საქმეებსაც აკეთებს. 1990 წლიდან საფეხბურთო პროფკავშირები აწყობს საზაფხულო სავარჯიშო შეკრებებს იმ მოთამაშეებისთვის, რომელთა კონტრაქტი ამოეწურათ და უგუნდოდ არიან.