გიორგი მიქაუტაძე ტრანსფერის მოლოდინშია - „ბარნლი“ რეალურია, „იუვენტუსი“ მას ახალ პროექტში მოიაზრებს, „მილანი“ გამოირიცხა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის, 22 წლის გიორგი მიქაუტაძის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს ინგლისური „ბარნლია“. ტურინის „იუვენტუსი“ ფიქრობს, ხოლო „მილანი“ გამოირიცხა, – ინფორმაციას ფრანგული და იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
Les-transferts-ი – „მეცის“ ახალბედა ვარსკვლავი პრემიერლიგის კლუბისთვის პრიორიტეტია
UNFP Trophies-ზე ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში გატანილი 24 გოლითა და რვა საგოლე გადაცემით მან რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო. თუმცა, „მილანში“ მიქაუტაძის შესაძლო გადასვლაზე მოლაპარაკება პაოლო მალდინის წასვლის შემდეგ შეჩერდა.
სამაგიეროდ, პრემიერლიგაში გადასული „ბარნლი“ ნიჭიერი თავდამსხმელით კვლავ სერიოზულადაა დაინტერესებულია. გუნდის მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ მიქაუტაძესთან ბევრჯერ ისაუბრა, რათა მისთვის თავისი ამბიციური პროექტი წარედგინა, მან სატრანსფერო ბაზარზე ქართველი ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია. „ბარნლის“ მის შესაძენად დაწყებული ბრძოლის მოგება სურს და („მეცთან“) მოლაპარაკებები დაიწყო.
კომპანიმ ქართველს გაუზიარა თავისი ხედვა და გუნდის გეგმები. ბელგიელის გამოცდილებამ და რეპუტაციამ „ბარნლის“ შეთავაზებას მიმზიდველობა შესძინა. პრემიერლიგის გუნდი მიქაუტაძესთან ერთად ახალი სეზონის გამოწვევებისთვის მზადაა.
Tvplay-ი – „იუვენტუსში“ რევოლუციაა, ჯუნტოლიდან მიქაუტაძემდე
კრისტიანო ჯუნტოლის, „იუვენტუსის“ მომავალ სპორტულ დირექტორს, რომელიც „ნაპოლის“ ჩემპიონობის არქიტექტორია, ამბიციური პროექტის განხორციელება სურს. ტურინში ეტაპობრივად ცდილობენ, საფუძველი ჩაუყარონ ახალ „იუვენტუსს“. აქ შეიძლება მოხვდეს 2000 წელს დაბადებული ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, „მეცის“ ლიგა 1-ში დაწინაურების სიმბოლო.