„მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ინტერვიუ ჩამოართვა BEIN SPORT-მა და „ბორდოსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა უშუალო კონკურენტ „ბორდოსთან“ დუბლი შეასრულა, მანამდე კი მეტოქე კაცნაკლული დატოვა (მისი მოცელვისთვის „ბორდოს“ მეკარე გააგდეს) და მიქაუტაძის გამორჩევა მოულოდნელი არ ყოფილა.
„მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის მიმართ ინტერესი აშკარად გაზრდილია და მიქაუტაძეს მომავალზე ჰკითხეს, მაგრამ ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა.
„ვფიქრობ, მოგება „ბორდოს“ მეკარის წითელი ბარათით დაიწყო. მან თავი დაისაჯა და ჩვენ ამით ვისარგებლეთ. პირველი გოლი სწრაფად გავუტანეთ და ამას ჩემი დუბლი მოჰყვა. „ბორდოს“ აგრესიულობა დააკლდა. სხვა თამაშებში უფრო ყრუ დაცვას ვაწყდებოდი, მათთან შეხვედრაში კი მეტი სივრცე მქონდა, რაც ძალიან მომწონს.
ჩვენ სატურნირო ცხრილში დავწინაურდით და მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოსთან“ სხვაობა ქულამდე შევამცირეთ. ეს არის დამატებითი მოტივაცია, რომელმაც ლიგა 1-ში გადასასვლელად გვჭირდებოდა. უნდა გავაგრძელოთ ასეთივე თამაში, მიზანს რომ მივაღწიოთ და ლიგა 1-ში გადავიდეთ.
დავინახეთ, რომ სტადიონი სავსე იყო, გულშემატკივრები დიდი რაოდენობით მოვიდნენ და გვინდოდა, მეტოქისთვის პასუხი მოედანზე გაგვეცა. ჩვენი ფანებისთვის და მეორე ადგილთან მიახლოებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე მაკავშირებს. ახლა მე ამ გუნდში ვარ და მასთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლაზე ვფიქრობ. მომავალში რა იქნება, ჯერ არ ვიცი. ამას სეზონის დასრულების შემდეგ ვნახავთ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.