გიორგი მიქაუტაძე საშუალოდ თამაშში სამ საგოლე მოქმედებას ასრულებს #1TVSPORT

09:15, 24.03.2025

შვიდი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა – ასეთია ბოლო ოთხ შეხვედრაში (კლუბსა და ნაკრებში) გიორგი მიქაუტაძის შედეგიანობის სტატისტიკა.

24 წლის თავდამსხმელმა „ლიონის“ ფორმით ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა – ევროპა ლიგაზე „სტიაუასთან“ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში, „ლე ავრთან“, მის ანგარიშზე გოლი და ორი ასისტია.

საქართველოს ნაკრებში კი სომხეთთან პირველ შეხვედრაში ორი გოლის შემდეგ, თბილისურ შეხვედრაში კვლავ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ბოლო 4 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 შედეგიანი მოქმედებაა (7 გოლი პლუს 5 საგოლე გადაცემა), ანუ საშუალოდ თამაშში სამი საგოლე მოქმედება, რაც ძალიან მაღალი შედეგიანობაა.

ამას გარდა, მიქაუტაძე შოთა არველაძის შემდეგ მეორე ქართველი მოთამაშე გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 20-გოლიანი ბარიერი გადალახა.

მსგავსი