გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს [ვიდეო] #1TVSPORT
ფრანგული „მეცის“ ვებგვერდმა გიორგი მიქაუტაძეს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან ბავშვობაზე, კარიერასა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
„2000 წელს ლიონში დავიბადე. ჩემი მშობლები საფრანგეთში ორი წლით ადრე ჩამოვიდნენ. მშობლებთან, უფროს დასთან და უმცროს ძმასთან ერთად გავიზარდე. ჩვენ ვცხოვრობდით ლიონში, ჟან-მასის რაიონში. ჩვენი ოჯახი ყოველთვის ძალიან მეგობრული იყო. პირველად, როცა მამაჩემთან ერთად სახლის ეზოში ბურთი გავაგორე, ოთხი წლის ვიყავი. პირველი კონტრაქტი „გერლენდთან“ ექვსი წლის ასაკში გავაფორმე.
„გერლენდის“ შემდეგ „სენტ პრიესში“ გადავედი. 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას „მეცის“ საწვრთნელი ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, დენის შეფერმა შემამჩნია. მახსოვს, ლიონის „ოლიმპიკთან“ ვითამაშეთ და 3:1 ან 3:2 მოვიგეთ, მე კი დუბლი შევასრულე.
„მეცში“ გადასვლის შემდეგ „სერენში“ ორი სეზონი იჯარით ვითამაშე. პირველი წლის შემდეგ მაშინდელმა მწვრთნელმა, ფრედერიკ ანტონეტიმ მითხრა – „შენ წახვედი ახალგაზრდა ბიჭი და დაბრუნდი, როგორც კაცი”. ეს იმაზე მეტყველებდა, თუ რამხელა რამ მომცა პროფესიონალებში პირველმა სეზონმა. „მეცში“ 2021 წლის ზაფხულში დავბრუნდი და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ შეიძლება შანსი მომცემოდა. საბოლოოდ, რამდენიმე დღის შემდეგ ბელგიაში იჯარით დაბრუნებაზე შევთანხმდით.
გასულ ზაფხულს „მეცში“ დავბრუნდი და ჩემი მიზანი იყო, ადგილი სწრაფად დამემკვიდრებინა შემადგენლობაში. იმ მომენტიდან, როცა ხელი მოვაწერე პირველ პროფესიულ კონტრაქტს, გამიჩნდა სურვილი, წარმატებისთვის „მეცში“ მიმეღწია. ეს აზრი არასდროს მტოვებდა. ყოველთვის ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ მაქვს ისეთი თვისებები, რომ ჩემს კლუბში მეთამაშა.
„სერენში“ შესანიშნავი ურთიერთობა მქონდათ იუსეფ მაზისთან და აბლი ჯალოუსთან. ჩვენმა ტრიომ იქ კარგად იმუშავა, მოედანზე ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებდით. იუსეფს და აბლის შესანიშნავი ტექნიკა აქვთ. ეს ჩვენს თამაშს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
როგორ ვაფასებ ჩემს სეზონს „მეცში?“ კმაყოფილი ვარ, რამდენიმე მატჩის მანძილზე მცირე ჩავარდნა მქონდა. უკეთესი იქნებოდა, ეს თავიდან ამეცილებინა. საერთოდ, ვფიქრობ, უნდა შევინარჩუნოთ ამჟამინდელი რიტმი, რადგან შემდეგი შეხვედრები ჩვენს უშუალოდ კონკურენტებთან გვაქვს – „ბორდოსა“ და „სოშოსთან“.
რა თქმა უნდა, მახარებს, რომ „მეცის“ ქომაგების ფავორიტი გავხდი. როცა გულშემატკივრები ჩემს სახელს „სენ-სიმფორიენის“ სტადიონზე მღერიან, ეს ყოველთვის უამრავ ემოციას იწვევს. ასევე მაიძულებს, რომ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ყოველთვის მსურდა, რომ იქ მეთამაშა. როცა დამირეკეს და თამაში შემომთავაზეს, არც დავფიქრდი, ისე დავთანხმდი. ჩემი ოჯახი და, განსაკუთრებით, ისინი, ვინც საქართველოში ცხოვრობენ, ჩემ გამო ბედნიერები იყვნენ. ნაკრებში ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, წინ ევრო 2024-ია და გვაქვს შანსი ამ ფორუმზე ვითამაშოთ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 15 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა, ამ მაჩვენებლით იგი ბობარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება „მეცს“, გუნდი გათამაშების ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.