გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ერთ-ერთი კანდიდატია, – ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირი (UNFP) ავრცელებს.

UNFP-ის მიერ წლის ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული არიან: ვიქტორ ლეჰალი („ლე ავრი“), ჯოშ მაია („ბორდო“), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ნილს ნკუნკუ („სენტ-ეტიენი“).

ნომინანტები თავად ფეხბურთელებმა დაასახელეს. გამარჯვებულები სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 28 მაისს გამოვლინდებიან.

„მიქაუტაძისა და მბაპეს კორონაცია ახლოსაა. კილიან მბაპე ზედიზედ მეოთხედ მოიგებს ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, ხოლო „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ფავორიტია“, – წერს ვებგვერდი lessentiel.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონზე 22 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მიქაუტაძე ბომბარდირთა დავაში კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს. მეორე ადგილზე ალექსანდრ მენდია (17 გოლი – „კანი“), ხოლო მესამე ადგილს ჟან-ფილიპ კრასო (16 გოლი, „სენტ-ტიენი“) და ჯოშ მაია (16 გოლი, „ბორდო“) იყოფენ.