გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის აპრილის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტი მოთამაშე ანალიტიკურმა საფეხბურთო პორტალმა, whoscored-მა შეარჩია.
პორტალმა აპრილში მიქაუტაძის თამაში 7.9 ქულით შეაფასა. გიორგიმ აუტსაიდერი „მეცის“ ლიგაში დასარჩენად ბევრი რამ გააკეთა. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 4 მატჩში 6 გოლი (2 დუბლი) გაიტანა, თანაც მეტოქის კარის აღება ოთხივე შეხვედრაში მოახერხა. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე 20 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ამავე დროს, მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. მან „რენთან“ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, მაგრამ „მეცი“ 2:3 დამარცხდა.
ამავე შეხვედრის 90+5-ე წუთზე მსაჯმა ქართველი მოედნიდან გააძევა. მოგვიანებით არბიტრმა შეცდომა აღიარა და საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ თავდამსხმელს წითელი ბარათი გაუუქმა.