გიორგი მიქაუტაძე - ნაზი ჯანეზაშვილი უხერხულობას უნდა განიცდიდეს, იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს
გიორგი მიქაუტაძე - ნაზი ჯანეზაშვილი უხერხულობას უნდა განიცდიდეს, იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს

ნაზი ჯანეზაშვილი უხერხულობას უნდა განიცდიდეს, იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომ სასამართლოები მოსამართლის გარეშეა დარჩენილი, 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან.

„ვფიქრობ, სულ მცირე, უხერხულობას უნდა განიცდიდეს, იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს ნაზი ჯანეზაშვილი და როცა რა სჭირდება, იმას საუბრობს. ვაკანსიები ჩვენ დავამატეთ ერთი წლის წინ და გავზარდეთ ამ ვაკანსიების რაოდენობა ზუსტად იმიტომ, რომ მოსამართლეების ნაკლებობა იყო. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ქალბატონმა ნაზიმ და უარი თქვა ვაკანსიების მატებაზე სასამართლოში. როდესაც მიმდინარეობდა კონკურსები, ქალბატონი ნაზი ამას აქტიურად აპროტესტებდა და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა კონკურსისთვის, აკეთებდა საჯარო განცხადებებს, რომ მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ, ეს პროცესები უნდა შეჩერდეს.

რაც შეეხება კონკურსის გაჭიანურებას, რომელზეც საუბრობს, აქ არის პროცედურები, კონკურსის გამოცხადებიდან არის ვადა იმისთვის, რომ შეგროვდეს დოკუმენტაცია მონაწილე პირების შესახებ და შემდეგ არის ვადა, რომ საბჭოს წევრები გაეცნონ ამ დოკუმენტაციას. ეს ვადა ამოწურული არის, ახლა მიმდინარეობს ვადა კონკურსანტებისთვის, რათა თავად კონკურსანტები გაეცნონ ამ მონაცემებს და როგორც კი ეს ვადა დასრულდება, ჩვენ დავიწყებთ გასაუბრებებს. იმ რეფორმებმა, რომელიც გატარდა, მოსამართლეების შერჩევის საკმაოდ რთული პროცედურა შემოგვთავაზა. ამ პროცედურას სჭირდება დაახლოებით სამი თვე და ეს არ არის დამოკიდებული არც ქალბატონ ნაზიზე, არც საბჭოზე და არავისზე აბსოლუტურად, ეს არის საკანონმდებლო მოთხოვნა. ეს თუ არ იცის, ძალიან ცუდია; თუ იცის, ე.ი. სათავისოდ მანიპულირებს და იყენებს ამ გარემოებას. მოსამართლეების რაოდენობა რომ ნაკლები არის, ამაზე ვსაუბრობთ ყოველთვის. დაახლოებით 100 ადგილზე არის გამოცხადებული კონკურსი, თუმცა არის 70 განცხადება დაახლოებით“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ამასთან, მან ტყუილი უწოდა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ​სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების ჭარბი რაოდენობაა

„ეს არის ტყუილი, თუ გნებავთ, ჩახედეთ ციფრებს. ერთი მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ – თუ არ ვცდები, ექვსი მოსამართლე არის, რომელიც არბიტრაჟთან დაკავშირებულ ცნობა-აღსრულების საკითხებს იხილავს და საშუალოდ ათასი საქმე აქვს თითოს წარმოებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ასეთივე დატვირთვა არის დაახლოებით სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში. თუ არის ჭარბი რაოდენობა მოსამართლეების, მაშინ რატომ არის ეს შეუსაბამობა და რატომ არიან მოსამართლეები 10-ჯერ უფრო მეტად დატვირთული, ვიდრე ეს უნდა იყოს ჩვეულებრივ შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.