გიორგი მიქაუტაძე - „ნანტთან“ მოგებამ უფრო თავდაჯერებული უნდა გაგვხადოს #1TVSPORT
„მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა „ნანტთან“ გასვლით შეხვედრაში მოპოვებულ გამარჯვებაზე (0:2), სადაც გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
23 წლის ქართველმა შემტევმა „მეცის“ შემადგენლობაში თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა და „მეცს“ გამარჯვება სამთვიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.
„მიზნად თამაშის მოგება დავისახეთ და ძალიან კარგია, რომ ეს შევძელით. ვფიქრობ, დამაჯერებლად ვითამაშეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. „ნანტის“ სისუსტეებით კარგად ვისარგებლეთ – სწრაფ კონტრშეტევებს ვახორციელებდით და ხშირად ოთხი მოთამაშე ერთი ან ორი მცველის წინააღმდეგ ვრჩებოდით.
„მეცი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობს. ამ მოგების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები გავხდით. პარალელს ლიგა 2-ის გასულ სეზონთან გავავლებ, სადაც წარმატებული სერია საფრანგეთის თასზე „ეპინალთან“ მოგების შემდეგ დავიწყეთ. მაშინაც პრობლემები გვქონდა, მაგრამ იმ მატჩმა ძალები გაგვიორმაგა და საბოლოოდ, ლიგა 1-ში გადასვლა შევძელით. ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ პოზიციების შესანარჩუნებლად – „ნანტთან“ მოგების შემდეგ უფრო თავდაჯერებული უნდა გავხდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძე.