გიორგი მიქაუტაძე - ნაკრებში მიწვევა ძალიან გამიხარდა, რადგან გულით მინდოდა საქართველოში თამაში #1TVSPORT
საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ბელგიური „სერენის” თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, სადაც ის საუბრობს კარიერაზე, კლუბზე და ნაკრებში გამოძახებაზე.
– 2021 წელს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო თამაშები ჩაატარეთ. გაიხსენეთ ემოცია და ეპიზოდი, როცა პირველად გამოგიძახეს.
– ინფორმაცია ნაკრებში მიწვევაზე მობილურით მივიღე და ძალიან გამიხარდა, რადგან გულით მინდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
– პირველი გოლი ნაკრებში რუმინეთის ეროვნულ გუნდს გაუტანე – შენთვის ამ გოლის მნიშვნელობა შეაფასე. ეს შენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია?
– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გოლი, რადგან ჩემი პირველი გოლი იყო ნაკრებში და ამავე დროს, რუმინეთთან მოვიგეთ.
– საქართველოს ნაკრებში შენს თამაშს როგორ შეაფასებ?
– მირჩევნია ჩემი თამაში სხვამ შეაფასოს. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ტრავმების გამო ჩემი თამაში 100 პროცენტით ვერ ვაჩვენე.
– როგორი ურთიერთობა გაქვს ნაკრების ბიჭებთან, დამეგობრდი მათთან?
– ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ.
– ვილი სანიოლმა რომ გადაწყვიტოს ორი ფორვარდით თამაში, პარტნიორად ვის ისურვებდი?
– ვისთანაც ვილი სანიოლი დამაყენებს, კარგად ვითამაშებ.
– როგორ შეაფასებდით სამწვრთნელო შტაბს და კონკრეტულად ვილი სანიოლს?
– დიდი სამუშაო ტარდება, რომ კარგი გუნდი შეიკრას და ამისთვის ვილი სანიოლი ყველაფერს აკეთებს.
– კლუბზეც უნდა გკითხოთ – „სერენის“ ლიდერი ხარ და მის წარმატებაში დიდ როლს თამაშობ. არის თუ არა ის გუნდი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობ იმის გათვალისწინებით, რომ სატურნირო ცხრილში კარგ მდგომარეობაში არ ხართ.
– დიახ, „სერენში“ ერთ-ერთი ლიდერი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო, კარგად ვიყო და მაგრად ვითამაშო. დღეისათვის გუნდი ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ახალი წლიდან მოვუმატებთ.
– უახლოეს მომავალში სატრანსფერო სიახლეებს ხომ არ უნდა ველოდოთ?
– არის შემოთავაზებები, მაგრამ მომავალში ვნახავთ, როგორ იქნება.
– სულ ახლახანს გაიმართა ერთა ლიგის კენჭისყრა – როგორ შეაფასებ მეტოქეებს? რამდენად გვაქვს წარმატების შანსი?
– არც ერთ ნაკრებთან თამაში და მოგება ადვილი არ იქნება. მაგრამ საქართველოს ნაკრებმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ მოვიგოთ და კარგად ვითამაშოთ.