გიორგი მიქაუტაძე - „ლიონიდან“ გაშვება ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო #1TVSPORT
„სერენისთვის“ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძე კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ლიეჟის თავდამსხმელმა ცხრა მატჩში უკვე ექვსი გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, ბელგიის ლიგის საუკეთესო მეგოლეთა შორისაა.
მას ჟურნალმა Sport Voetbal-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქართველმა თავადმსხმელმა უცნობი ისტორიები გაიხსენა.
„მიქაუტაძე ლიეჟის კლუბში „მეციდან“ მივიდა, რომლის შვილობილი გუნდიც „სერენია“. გასულ სეზონში დანტე ვანზეირთან ერთად ბელგიის პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიქაუტაძემ გატანა ჯუპილერლიგაში „სერენის“ დაწინაურების შემდეგაც გააგრძელა. არჩევანი რომ ჰქონოდა, ის არა „სერენში“, არამედ ლიონის „ოლიმპიკში“ ითამაშებდა, რადგან მიქაუტაძე ლიონიდანაა და 7-დან 15 წლამდე „ოლიმპიკის“ აკადემიაში თამაშობდა“, – წერს Sport Voetbal-ი.
ჟურნალი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის კომენტარს აქვეყნებს.
„ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე, როდესაც მითხრეს, რომ „ლიონში“ არ გამაჩერებდნენ. ჩემთვის ეს უდიდესი იმედგაცრუების დღე იყო“, – არ დამალა მიქაუტაძემ.
21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ასევე გაამხილა, რომ მომხდარის მიუხედავად, „ლიონი“ მისთვის დღემდე ყველაზე ძვირფასი კლუბია.
ქართველმა თავდამსხმელმა ასევე გაიხსენა, რომ ლიონის „ოლიმპიკის“ აკადემიაში ვარჯიშის დროს, შესაძლებლობა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ მოედანზე უეფა-ს ბანერით შესულიყო და მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ვარსკვლავები ახლოდან ეხილა.
„მოედანზე ვიყავი მაშინ, როდესაც „ლიონი“ მარსელში „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაშობდა. მე ძალიან ახლოს ვიდექი ლიონელ მესისთან, ტიერი ანრისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შაბათს თავდამსხმელი „სერენთან“ ერთად მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. შემდეგი ტურის მატჩს მისი გუნდი სახლში „სენ-ტრუიდენის“ წინააღმდეგ გამართავს. „სერენი“ 16 ქულით მე-15 ადგილზეა.