გიორგი მიქაუტაძე - ხუთიც უნდა გამეტანა, ნაკრებში დიდი ენთუზიაზმით მივდივარ [ვიდეო] #1TVSPORT
„ზულტე ვარეგემთან” (5:1) ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „სერენის“ ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
„ძალიან გვინდოდა გამარჯვება. ეს მოგება გუნდს ძალას და რწმენას მატებს, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
მიუხედავად იმისა, რომ სამი გოლი გაიტანა, 20 წლის ქართველი უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ მეტის გატანა შეეძლო:
„კიდევ ერთი ან ორი გოლის გატანაც შემეძლო. არ იყო გამორიცხული, რომ სამის ნაცვლად ხუთიც გოლის ავტორი გავმხდარიყავი. ახლა საერთაშორისო სანაკრებო თამაშებზე დიდი ენთუზიაზმით მივდივართ“.
აღსანიშნავია, რომ „სერენიდან“ სანაკრებო პაუზაზე 6 მოთამაშე წავიდა – იბრაჰიმ სისე გვინეის ნაკრებს დაეხმარება, ებლი ჯალოუ – გამბიას, მორგან პუატი – კონგოს, გიომ დიჩი – საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს, ზაქარია სილინი ალჟირის ახალგაზრდულში გამოიძახეს.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. ჩვენი ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოს პრიშტინაში ესტუმრება.