გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში შესვლამ გაახარა - „აიაქსში“ რთული პერიოდი მაქვს, მაგრამ ვიცი, რაც შემიძლია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში შესვლამ გაახარა - „აიაქსში“ რთული პერიოდი მაქვს, მაგრამ ვიცი, რაც შემიძლია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პოკერი (ოთხი გოლი ერთ მატჩში) შეასრულა და „ჯვაროსნების“ ისტორიაში ჩაეწერა – ეს ტაილანდთან მოგებულ (8:0) შეხვედრაში მოახერხა. „აიაქსის“ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა.

„კარგი თამაში გამოვიდა. რვა გოლი გავიტანეთ და დამაჯერებლად მოვიგეთ. ნაკრებში გატანილი ოთხი გოლით ძალიან გახარებული ვარ, სასიამოვნოა ეროვნული გუნდის ისტორიაში შესვლა.

დიახ, ვიცი, რომ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, ვინც ნაკრებში პოკერი შეასრულა და ძალიან გახარებული ვარ. ასე უნდა გავაგრძელო მეც და სხვა ფეხბურთელებმაც. ბიჭებმა მოგების შემდეგ პოკერი მომილოცეს, ეს მათი დამსახურებაცაა, რადგან მათ გარეშე ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებდი.

დამეხმარება თუ არა ეს გოლები „აიაქსში“ რთული პერიოდის გადატანაში? ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას და ვიცი, რაც შემიძლია. ვარჯიშზე კარგად გამოვიყურები, მაგრამ ჩემს პოზიციაზე არ მათამაშებენ. თუმცა არა უშავს, დღეს შანსი მომეცა და გამოვიყენე.

დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც თამაშზე მოვიდა. ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რაც შეეხება კვიპროსთან მომავალ შეხვედრას. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ტაილანდთან და ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა ავიღოთ“.