გიორგი მიქაუტაძე - იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი, ახლა მოედანზე შევეჯიბრები #1TVSPORT
ბელგიური „სერენის“ საკლუბო ტელევიზიამ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში მიწვევა მიულოცა და ამასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა.
„საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჯილდოა კარგი სეზონისთვის. მე იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი. ახლა მას მოედანზე შევეჯიბრები. ეს ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, საკვალიფიკაციო ეტაპი რომ დავძლიოთ. ეს რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ახლა ჩვენთან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა წამოვიდა”, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
20 წლის თავდამსხმელმა „სერანის“ ამბიციებზეც ილაპარაკა, რომელიც პირველ დივიზიონში გასულ ზაფხულს დაწინაურდა, ახლა კი ბელგიის მთავარ ლიგაში გადასვლის შანსი გაუჩნდა.
„მე იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ჟუპილერ ლიგაში გადავალთ, რაც ძალიან კარგი იქნება. როდესაც გასულ ზაფხულს აქ გადმოვედი, ძირითადად ლიგაში დარჩენაზე ვლაპარაკობდით. ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი, სადაც წარმოუდგენლად კარგი ურთიერთობებია და ატმოსფეროა. მალე მივხვდით, რომ უფრო მეტის იმედიც უნდა გვქონოდა”, – ამტკიცებს საქართველოს ნაკრების ახალი თავდამსხმელი.