გიორგი მიქაუტაძე - გონიოში მომხდარ ინციდენტზე განმარტება ბევრჯერ გავაკეთე და საია-მ ამის შესახებ კარგად იცის
მორიგი სიცრუის გავრცელებით ადგილი აქვს მცდელობას, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩემს წარსულსა და საქმიანობას, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოს მიმართ საია-ს დღევანდელ მიმართვას.
საია-მ საბჭოს მოუწოდა, რომ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრების დროს გაითვალისწინოს მის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესი. მიქაუტაძე 2016 წლის აგვისტოში, გონიოში მომხდარ ინციდენტს მასზე განხორციელებულ თავდასხმას უწოდებს. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არაერთხელ აქვს გაკეთებული და საია-საც დეტალურად აქვს ინფორმაცია მომხდარის შესახებ.
„აბსოლუტურად ღია ვარ და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებ ამ საქმეზე კომენტარს. ყველაზე კარგად, ალბათ, უფრო თავად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ქალბატონმა ეკა ციმაკურიძემ იციან, რადგან ისინი იცავდნენ ამ საქმეში თამარ ხაჭაპურიძეს და მის მეუღლეს, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. ამიტომ ყველამ კარგად იცის ეს საქმე. ვიდეოზე აშკარად ჩანს, რომ თავს დამესხნენ კონკრეტული განხილული საქმის გამო. სხვა შეხება ამ ადამიანებთან არანაირად არ მქონია. ასე რომ ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ბრალდებები, თითქოს ჩემი მხრიდან ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ეს არის მორიგი სიცრუე”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
რაც შეეხება საბჭოში დღეს დაგეგმილ გასაუბრებას, მიქაუტაძის თქმით, მისი მოტივაცია არის კარიერული წინსვლა, რაც ლოგიკური ნაბიჯია.
მიქაუტაძე აცხადებს, რომ მასთან გასაუბრების პროცესი იქნება ღია და დასწრების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.