გიორგი მიქაუტაძე - გასაკვირია, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებს უჭირთ კრიტიკის მიღება
გაასაჯაროოს თუ სურვილი აქვს და ნახავთ, რა არის იქ თავდასხმა და არაეთიკური,- ასე პასუხობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, სადაც მან განმარტა, რომ დღევანდელ გასაუბრებაზე კანდიდატებს შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებმაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, ინტერნეტში, მოსამართლეთა შიდა ქსელში, საბჭოს არამოსამართლე წევრების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.
გიორგი მიქაუტაძის მოსაზრებით, არანაირ კოლექტიურ განცხადებებს ადგილი არ ჰქონია და ეს იყო ჩვეულებრივი განხილვა, სადაც მოსამართლეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს არამოსამართლე წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე.
„არანაირი თავდასხმა არ ყოფილა. ჩვეულებრივად, სოციალურ ქსელში სტატუსის ირგვლივ არის კომენტარები და აქტუალური საკითხების განხილვა. მოსამართლეები მუდმივად აკეთებენ განმარტებებს, რაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ერთმანეთის მოსაზრებებს. გაასაჯაროოს თუ სურვილი აქვს და რა არის იქ თავდასხმა და არაეთიკური, ამაზე მერე ვიმსჯელოთ. არაეთიკური მე ვფიქრობ არის ის გამონათქვამები და მოსაზრებები, რომლის გამოც მოსამართლეებს მერე ასეთი აზრის გამოხატვა უწევთ ხოლმე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, გასაკვირია, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრებს უჭირთ კრიტიკის მიღება იმ ფონზე, როდესაც თავად არიან ხშირად ასეთი განცხადებების ავტორები.
შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოში, გასაუბრებაზე დღეს ისეთი მოსამართლეებიც გამოდიან, რომლებმაც ინტერნეტში, მოსამართლეთა შიდა ქსელში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ, უარყოფითი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ჯანეზაშვილის თქმით, ეს განცხადებები არ გახდება კანდიდატთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმი, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მოსამართლის დამოუკიდებლად აზროვნებასთან პირდაპირ კავშირშია.