გიორგი მიქაუტაძე - ჩემთვის ბუნებრივი ცენტრალური თავდამსხმელის როლია, მაგრამ გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს #1TVSPORT
„ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, მაგრამ ვითარების შესაცვლელად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ“, – ასე გამოეხმაურა გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში ლიგა 1-ში „ლიონის“ წარუმატებელ სტარტს.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ლიონი“ შინ ვიცე-ჩემპიონ „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა, ეს კი ქართველის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი აღმოჩნდა – ისიც აღსანიშნავია, რომ „ლიონს“ ჯერ გოლიც არ გაუტანია.
„მშობლიურ ლიონში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ საყვარელ კლუბში ლიგა 1-ში მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ძირითადში კი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ალექსანდრ ლაკაზეტი დაბრუნდა, მაგრამ მისი ძალისხმევა საკმარისი არ გამოდგა. ქართველი მოედანზე 17-ე წუთზე, ერნესტ ნუამას ნაადრევი ტრავმის შემდეგ გამოჩნდა. მწვრთნელმა მას მარცხენა ფლანგზე თამაში დაავალა. თავიდან გიორგი ენერგიულად მოქმედებდა, მაგრამ თანდათან, მისთვის უცხო პოზიციაზე, აქტიურად ვეღარ მოქმედებდა“, – ასე გამოეხმაურა მიქაუტაძის თამაშს „ევროსპორტი“.
მატჩის შემდეგ კომენტარი მიქაუტაძემაც გააკეთა და არ დამალა, რომ ცენტრალურ თავდამსხმელად ურჩევნია თამაში: „მწვრთნელმა მითხრა, რომ ფლანგზე ვჭირდებოდი, მე კი ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის დროს ვაჩვენო. ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი ცენტრალური თავდამსხმელის როლია, მაგრამ გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს“.