გიორგი მიქაუტაძე - „ბორდოს“ წარუმატებლობის შემთხვევაში ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელში იქნება #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე - „ბორდოს“ წარუმატებლობის შემთხვევაში ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელში იქნება #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 29-ე ტურში „ლავალთან“ (1:0) ბრწყინვალე დარტყმით კიდევ ერთხელ გაიტანა, „მეცმა“ კი ამ გამარჯვებით გათამაშების ცხრილში “სოშოსა“ და „ბორდოს“ გადაასწრო, სადაც ნაკრებში მიქაუტაძის თანაგუნდელი, ზურიკო დავითაშვილი თამაშობს.

Le Républicain Lorrain-თან ინტერვიუში ქართველმა ცენტრფორვარდმა განაცხადა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს ორშაბათს ღამეს „ბორდოს“ თამაშს, რომელიც გასვლაზე „გენგამს“ დაუპირისპირდება.

„ბოლო ტურში „ლავალთან“ რთული მატჩი გვქონდა, რადგან კარგი გუნდია და დიდი დაბრკოლება შეგვიქმნა. გამარჯვება ჩემი გოლის წყალობით შევძელით და ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ მეორე ადგილზე დავწინაურდით, რადგან ეს შეიძლება სეზონის ბოლოს ლიგა 1-ში დაწინაურების წინაპირობა გახდეს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, დარჩენილია რამდენიმე ტური და ახლა „ბორდოს“ მატჩს ველოდები. ფაქტია, რომ „ბორდოს“ წარუმატებლობის შემთხვევაში ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელში იქნება“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

ლიგა 1-ში გადასვლასთან ერთად, გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირთა სიის სათავეში დარჩენასაც უმიზნებს. „ლავალთან“ მან მე-15 გოლი გაიტანა და „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელს, ჟან-ფილიპ კრასოს გადაასწრო, რომელმაც ბოლო მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

„რა თქმა უნდა, ეს (კრასოს გაფუჭებული პენალტი) ჩემთვის კარგი ამბავია. ახლა წინ ვიყურები და ვცდილობ, ყველა თამაშში გავიტანო“, – აცხადებს მიქაუტაძე.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ (50 ქულა) საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურში „გენგამს“ გასვლაზე შეხვდება და მოგების შემთხვევაში „მეცს“ (51 ქულა) ისევ გადაასწრებს.