გიორგი მიქაუტაძე - ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატურების განხილვა არ მიმდინარეობს
არ შეიძლება მხოლოდ იმ ნიშნით გახდე უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი, რომ გახმაურებული საქმე გაქვს განხილული, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მიქაუტაძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საუბრის თემა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურები იყო.
„ბუნებრივია, საუბრის თემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები, ასევე პროცედურები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი თანამშრომლობის რეჟიმში უნდა წარიმართოს. ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატურების განხილვა არ მიმდინარეობს, შესაბამისად, დღის წესრიგში არ დგას განახლების, ან შეცვლის საკითხი. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ წარდგენილი კანდიდატები რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. არაერთხელ გავიმეორე, რომ გახმაურებული საქმეები თითქმის ყველა მოსამართლეს აქვს განხილული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არ შეიძლება, მხოლოდ ამ ნიშნით გახდე უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი. ორგანულ კანონში მოცემულია კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები. ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. ჩვენ ამ კრიტერიუმების მიხედვით ვიხელმძღვანელეთ, როდესაც ვარჩევდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა სიაც წარვუდგინეთ პარლამენტს. ესენი არიან მოქმედი მოსამართლეები და სასამართლო კორპუსის მაღალი ნდობა აქვთ”,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, კრიტერიუმები გაიწერება და მოსამართლეების განახლებული სია იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მისი თქმით, ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე.