გიორგი მიქაუტაძე - ახალგაზრდული და პერსპექტიული ნაკრები გვყავს, დიდ ტურნირზე თამაში გვინდა #1TVSPORT
Lessentiel-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც 12 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია, საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ვგრძნობ, რომ „მეცის“ გულშემატკივრის ფავორიტი გავხდი. ეს ჩემი გოლების დამსახურებაა და ამას სოციალურ ქსელშიც ვხედავ. „ნიმთან“ მატჩში, მოედანზე გასვლისას ოვაციებით შემხვდნენ, უკვე ქუჩაშიც მცნობენ. შესაძლებელია, მომდევნო სეზონშიც „მეცში“ დავრჩე. საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის ვიბრძვით და თუ ეს მოვახერხეთ, ალბათ დავრჩები“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
„მეცის“ 22 წლის თავდამსხმელმა იმ გავლენაზე ისაუბრა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამ საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთზე მოახდინა:
„ფეხბურთელები ევროპაში გადიან. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ საუკეთესო სეზონს ატარებს, მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში, „ვალენსიაში“ თამაშობს, ზურიკო დავითაშვილი „ბორდოშია“. რა თქმა უნდა, კარგის მოლოდინი არის. ჩვენ ახალგაზრდული, პერსპექტიული ნაკრები გვყავს, ამიტომ წინ გვაქვს დრო, რომ დასახული ამოცანები გადავჭრათ და ერთ დღესაც დიდ ტურნირზე ვითამაშოთ“.
მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების მიზნებზეც ილაპარაკა: „ევრო 2024-ზე გასვლაზე ვართ ორიენტირებული, ვნახოთ, თამაშები როგორ წაგვივა. ნორვეგიასთან და ესპანეთთან ერთად საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ შეუძლებელი არაფერია – ევროპის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.