გიორგი მიქაუტაძე - „აიაქსში“ ჩემი არსებობა დაივიწყეს, იქ წარმატებისთვის წინაპირობა არ მქონია, „მეცი“ კი ჩემი სახლია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ, l’equipe-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან, გარდა სათამაშო თვისებებისა, მოედნის მიღმა არსებულ საკითხებზეც ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, მიქაუტაძე „მეცის“ მთავარი იარაღია საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში. ქართველმა ფეხბურთელმა „აიაქსში“ გატარებული სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ სახეზე ღიმილი დაიბრუნა.
„„მეცში“ დაბრუნებამ ბევრი სასარგებლო რამ მომცა. საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“ მატჩამდე ჩემი წარდგენა ბრწყინვალე იყო. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რომ გუნდი ლიგა 1-ში დარჩეს. დავბრუნდი, რადგან ამ რთულ ვითარებაში „მეცის“ დატოვება არ მინდოდა. ეს ჩემი მეორე სახლია.
„აიაქსში“ გატარებულ დროს რაც შეეხება, ორ თვეზე მეტი სასტუმროში ვიცხოვრე. მარტო ვიყავი ოთახში და ვგიჟდებოდი. ბინის ძებნაში კლუბი დიდად არ დამხმარებია. შემოდგომაზე თავად მოვძებნე ბინა, ვიქირავე და ოჯახი ჩემთან საცხოვრებლად გადმოვიდა.
გუნდში არავის ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი. საერთოდ, იქ ჩემი წარმატებული თამაშისათვის საჭირო წინაპირობები არ იყო. ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს პატივისცემა. მე კი იმედგაცრუებული დავრჩი. ახლა „მეცში“ იჯარით ვარ, მაგრამ მათ ჩემი ამბავი არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, „აიაქსში“ დამივიწყეს“, – ამბობს მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ ასევე ისაუბრა მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, ჟან-ლუი გარსიამ. გასულ კვირას მისმა გაწვრთნილმა „კევილ რუენმა“ ლიგა 2-ში „ოსერი“ 4:3 დაამარცხა და მატჩის შემდეგ მან მიქაუტაძისგან შეტყობინება მიიღო.
„გიორგიმ გამარჯვება მომილოცა, რაც ძალიან გამიხარდა. მას ბელგიაში, „სერენში“ მხოლოდ ხუთი თვე ვავარჯიშებდი, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებოდით. ამ შეტყობინებაში გამოჩნდა მისი ხასიათი, ის ბრწყინვალედ აღზრდილი ბიჭია“, – განაცხადა გარსიამ.