გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისა და თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უკვე გაიმართა შეხვედრები უცხოელ ექსპერტებთან იმ რეგულაციების შესახებ , რომელიც საბჭოს დაეხმარება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებისა და თავმჯდომარის შერჩევაში.
მისივე თქმით, ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე.
„როგორც მედიას, ისე სამოქალაქო საზოგადოებას ექნება საშუალება, თავიდან ბოლომდე დააკვირდეს როგორც რეგულაციების შემუშავების, ასევე შემდეგ მიმდინარე პროცესს, თუმცა წინასწარ ყველაფერს ვერ გეტყვით,რადგან ამ ეტაპზე არ არსებობს ასეთი რეგულაციები და ეს შესამუშავებელია კოლეგიური ორგანოს მიერ”,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
გიორგი მიქაუტაძის თქმით,საბჭო, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იმუშავებს.
გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები იქნებიან საბჭოს მოქმედი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, უზენაესი სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა ან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე.