გიორგი მიქაძემ რუსი ლეგიონერი დატოვა, სენეგალელი გაუშვა - „სამგურალმა“ მომენტები უკეთ უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ კომენტარი გააკეთა თურქულ შეკრებაზე ტიმიშოარას „რიპენსიასთან“ შეხვედრაზე, რომელშიც მისმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა.
„მოსამზადებელ ეტაპზე დიდი დატვირთვების ფონზე თამაში მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ ხომ კონკრეტული მატჩისთვის არ ვემზადებით, ამხანაგური თამაშები იმისთვის გვჭირდება, რომ ფორმაში შევიდეთ, ჩვენი თამაში ვიპოვოთ, ფიზიკურად კარგ კონდიციაში ვიყოთ და ტაქტიკური თვალსაზრისითაც წინ წავიდეთ. „რიპენსიასთან“ საინტერესო სპარინგი გამოვიდა. წინა მატჩის შემდეგ დაცვაში თამაშის დახვეწაზე ვმუშაობდით, გვქონდა ისეთი ტაქტიკური დავალებები, რომლებიც შემდეგ ოფიციალურ თამაშებში უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა დავალებებს კარგად გაართვეს თავი. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი პრობლემა მომენტების რეალიზაცია იყო. შევეცდებით, რომ ეს ოფიციალურ მატჩებამდე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ“, – ამბობს მიქაძე.
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა რუსმა ლეგიონერზე, ნიკიტა სიმდიანკინზე ისაუბრა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა:
„ნიკიტამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ, რომ გამოგვადგება. შეკრების ბოლომდე კიდევ გვაქვს თამაშები და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. მიხარია გოლი რომ გაიტანა. სანკტ პეტერბურგის „ზენიტის“ სკოლა აქვს გამოვლილი, „ზენიტის“ მეორე გუნდიდან დავიმატეთ, საკმაოდ განათლებულია საფეხბურთო კუთხით, ფიზიკურადაც კარგად არის მომზადებული, ათლეტური ფეხბურთელია და ვფიქრობ, ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს“.
გუნდში სენეგალელი თავდამსხმელი ბაბაკარ ტუნკარა ისინჯებოდა, მაგრამ ბოლო ორი მატჩია არ გამოჩენილა. მიქაძის თქმით, მან გუნდი დატოვა:
„ტუნკარა არ იყო ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ მას ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა გადატანილი, კოჭის მოტეხილობა, რომელიც ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი. თავადაც გვითხრა, რომ კოჭი ისევ აწუხებდა. მის რეაბილიტაციას და ფორმაში შესვლას დიდი დრო დასჭირდებოდა. ჩვენ კი ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც სეზონისთვის ყველანაირად მზად იქნებიან. სწორედ ამის გამო დავემშვიდობეთ, სხვა მხრივ საკმაოდ საინტერესო ფორვარდი იყო“.