გიორგი მიქაძე - „თელავში“ ბევრი რამ შეიცვლება, მეტოქეებს სიურპრიზებს შევთავაზებთ #1TVSPORT
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ პირველი შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“ 0:0 დაასრულა. თელაველთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კლუბში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.
„პირველივე თამაშში შედეგით და ხარისხით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან რამდენიმე დღეა, რაც გუნდი ჩავიბარე. ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულ ხარისხს ველოდებოდი. ჩემთვის მთავარი იყო მოთამაშეებში ის ხასიათი დამებრუნებინა, რაც წარმატებისთვის აუცილებელია.
შედეგს რაც შეეხება – „შუქურასთან“ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ და ეს ნამდვილად არ გამიხარდა, თუმცა ასეთ ვითარებაში ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. შევეცდებით, ნელ-ნელა ვითარება გამოვასწოროთ და მომავალ თამაშებში გავიმარჯვოთ.
გუნდში ბევრი რამ შეიცვლება – მინდა, „თელავი“ ისე მოვაწყო, როგორც მე წარმომიდგენია და ვხედავ. ქულებს კი მხოლოდ სუსტ გუნდებთან არ დავგეგმავთ – მეტოქეებს ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.
41 წლის სპეციალისტმა „თელავში“ ვარდან მინასიანი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 7 მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო – 5 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და აუტსაიდერთა ზონას ვერ გასცდა.