გიორგი მიქაძე - შვედებთან გამოჩნდა, რომ სტანდარტულებიდან გატანა ჩვენც შეგვძლებია, ანუ ნაკრებში მუშაობენ #1TVSPORT
„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ჩატარებულ თამაშებზე შეფასებისას აღნიშნა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩებში სტანდარტულების გამოყენება დაიწყო.
– სექტემბრის ცუდი მატჩები იყო ზუსტად ის პერიოდი, როდესაც მუშაობა მიდიოდა და ნაკრების თამაში ყალიბდებოდა და ლაგდებოდა. კარგია, რომ ეს პერიოდი გავიარეთ. ამის მერე ვილი სანიოლმა ჩვენი ნაკრების სუსტი მხარეები დაინახა და დაალაგა, განსაკუთრებით, დაცვითი ფაზა – ძალიან კარგი და ორგანიზებულია.
მაგრამ მარტო დაცვითი თამაშით ვერ მოიგებ. შეტევაში მეტი შემოქმედებითი ფეხბურთელები გამოჩდნენ და კონტრშეტევებზე გადასვლაც კარგად გამოგვდის. სწრაფი ფეხბურთელები გვყავს და მიმანჩია, რომ ამ საკითხში ძალიან წინ წავიწიეთ. მთავარია, ახლა როგორ განვვითარდებით და მოსაგებ თამაშებს როგორ ჩავატარებთ.
აქვე ვიტყვი – ფეხბურთის შემადგენელია სტანდარტულები, რაშიც ძალიან გვიჭირდა. მაგრამ შვედებთან მოხდა ასეთი რამ და სტანდარტულიდან გოლი გავიტანეთ. საერთაშორისო ტენდენციებს თუ შევხედავთ, გოლების 30-40 პროცენტი სტანდარტებიდან გადის, რასაც ჩვენ ვერ ვიყენებდით. სულ ამაზე ვნერვიულობდი და ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ სტანდარტულებიდან გატანა ჩვენც შეგვძლებია. ეს ნიშნავს, რომ ნაკრებში მუშაობენ და ვპროგრესირებთ.