ხვალ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყება. გუნდმა თბილისში შეკრება დაასრულა და მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა.
გუნდის მზადებასა და მიზნებზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ილაპარაკა.
„ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან მიკროტრავმა მხოლოდ ხარაბაძეს აწუხებს. მაგრამ იმედია, მომჯობინდება და ხვალ ლიხტენშტეინთან სათამაშოდ მზად იქნება. ბიჭების ფუნქციონალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირველი მეტოქის, ლიხტენშტეინის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება და ყველას ჰგონია, რომ იოლი თამაში იქნება. ესაა საფრთხე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ. იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ვიღაცა რაღაცას დაგვითმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მზად და მობილიზებულები, არასასიამოვნო სიურპრიზი თავიდან რომ ავიცილოთ. გუნდის პროგრამა მინიმუმი კი ჯგუფური ეტაპის დაძლევაა“ – ამბობს მიქაძე.
ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად გიორგი მიქაძის გუნდის მეტოქეები არიან ლიხტენშტაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის ნაკრებები. ხვალ საქართველო ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.