გიორგი მჭედლიშვილი - „ტორპედოსთვის“ გულშემატკივარი დიდი მოტივაციაა #1TVSPORT
გიორგი მჭედლიშვილი - „ტორპედოსთვის“ გულშემატკივარი დიდი მოტივაციაა #1TVSPORT

გიორგი მჭედლიშვილმა კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლაზე და იმედი გამოთქვა, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ქუთაისის „ტორპედო“ დიდი გუნდია, დიდი ისტორია აქვს. ძალიან გამიხარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავამართლო იმედები და კლუბს წარმატებაში დავეხმარო. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ“, – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.

გამოცდილი მცველი იმედოვნებს, რომ გუნდში დაბრუნებული კახა ჩხეტიანი გუნდს ისევ წარმატებისკენ წაიყვანს.

„კახა ჩხეტიანი, რა თქმა უნდა, კარგი მწვრთნელია – ყველაფერზე მისი ნაჩვენები შედეგები მეტყველებს. რაც შეეხება ბიჭებს, ბევრს ვიცნობ და კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. ზოგიერთთან ერთად საქართველოს ჩემპიონიც გავმხდარვარ. საერთოდ, ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს“.

მჭედლიშვილი იმედოვნებს, რომ გუნდს მალე შეეწყობა.

„ქუთაისის „ტორპედოში“ სულ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და შევეცდები, მოვუმატო და გავიგო, რა უნდა მთავარ მწვრთნელს და ბიჭებს და გუნდს შევეწყო“.

მჭედლიშვილმა ქუთაისელ გულშემატკივრებზეც ისაუბრა.

„ცნობილია, რომ „ტორპედოს“ კარგი გულშემატკივრები ჰყავს. ეს ბიჭებისთვის და მათ შორის ჩემთვისაც, დიდი მოტივაციაა. შევეცდები, მათი იმედები გავამრთლო და წარმატებებს მივაღწიოთ“.

გიორგი მჭედლიშვილი „ტორპედოს“ უკვე შეუერთდა და აქტიურ სამწვრთნელ პროცესში ჩაება. 30 წლის მცველი ბოლოს სამტრედიელთა ღირსებას იცავდა. ის ქუთაისურ კლუბში 26-ნომრიან მაისურს მოირგებს.