გიორგი მჭედლიშვილი - „ლოკომოტივთან“ რიგითი მატჩის მოგებამ ძველი გამარჯვებები გამახსენა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურში, „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე პენალტით ოთარ კობახიძემ გაიტანა და „სამტრედიას“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძის გუნდმა 24 აპრილის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. გუნდში დაბრუნებულმა გიორგი მჭედლიშვილმა ამ მოგების მნიშვნელობა შეაფასა.
„არც ეროვნული ლიგა მოვიგეთ, არც ჩემპიონთა ლიგა, „ლოკომოტივთან“ რიგითი ტურის მატჩში გავიმარჯვეთ, უბრალოდ, ამ მოგებით ის ძველი გამარჯვებები გამახსენდა, როცა მთელ სამტრედიას ვახარებდით და ყველა ზეიმობდა. მჯერა, ბოლომდე ბრძოლით „სამტრედია“ გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც დიდებულად ითამაშეს და ასეთი გარჯა დაუფასდათ“, – ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.
ეს იყო ეროვნულ ლიგაში ბოლო შეხვედრა იმ შეზღუდვების შემოღებამდე, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დააწესა – 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება.