გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ რეკორდი გააუმჯობესა და გუნდის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ქართველმა მეკარემ ამ მაჩვენებლით გუნდის ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი (59 მატჩი) მოხსნა.

მამარდაშვილის რეკორდი „ვალენსიაში“:

„ქართველმა „ვალენსიის“ შემადგენლობაში მეკარეებს შორის ლა ლიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი, 61 მატჩი ჩაატარა და ჩვენი ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა.

2021 წლის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. მიღწეული შედეგით მან კლუბის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა.

59 მატჩის ჩატარება გუნდის მეკარეების ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ოჩოტორენამ 1990/91 წლებში შეძლო. Მის შემდეგ კი ხოსე მანუელ სემპერე (54) და სანტიაგო კანისარესი (53) მოდიან.

„ვალენსია“ ერთ-ერთია იმ გუნდებს შორის, რომელიც ლა ლიგის მიმდინარე სეზონაში ყველაზე ნაკლებ გოლს (27) უშვებს, ეს დაცვის და მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა. „ვალენსიის“ მეკარემ 23-დან შვიდი შეხვედრა გოლის გაშვების გარეშე დაასრულა („ლას პალმასი“, „ატლეტიკო“, „კადისი“, „გრანადა“, „სელტა“, „რაიო ვალეკანო“ და ბილბაოს „ატლეტიკი“).

გარდა ამისა, გიორგი გუნდისთვის „ციხე-სიმაგრე“ გახდა რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით. „ვალენსიას“ ზედიზედ შვიდი შეხვედრა „მესტალიაზე“ ლა ლიგაში არ წაუგია, ბოლოს გუნდი საკუთარ მოედანზე 2023 წლის 27 სექტემბერს „სოსიედადთან“ დამარცხდა. ამ მომენტისთვის „ღამურები“ 35 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე არიან.

„მესტალიაზე“ „ალმერიას“ დამარცხების შემდეგ „ვალენსია“ მორიგ გამარჯვებას შაბათს, 10 თებერვალს, 24-ე ტურში „ლას პალმასთან“ ელოდება“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.