გიორგი მამარდაშვილმა კარი „მშრალად“ შეინახა - „ვალენსიამ“ „ჟირონა“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ჟირონას“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მომენტების შექმნას ვერცერთი გუნდი ახერხებდა და, შესაბამისად, მამარდაშვილსაც თამაშში ჩართვა არ მოუხდა.
მეორე ნახევარში „ვალენსია“ გააქტიურდა და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. „ღამურები“ 56-ე წუთზე ხუანპეს ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 58-ე წუთზე „ჟირონას“ კარში გომესმა გაიტანა.
ამის შემდეგ ტემპს სტუმრებმაც მოუმატეს და ქართველ მეკარეს თამაშში ჩართვაც მოუხდა, მამარდაშვილმა „ვალენსია“ სამჯერ გადაარჩინა და სეზონში კარი „მშრალად“ პირველად შეინახა.
ლა ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.