გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სტუმრად „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა.
ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრა დაძაბული იყო, მეტოქეები მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. გიორგის პირველ ტაიმში სერიოზულად საქმეში ჩართვა მხოლოდ მე-11 წუთზე მოუხდა. „რაიო ვალეკანოს“ ნახევარმცველი ისი პალაზონი მცველებს გაცდა და მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ მამარდაშვილს ვერ აჯობა.
„ვალენსიამ“ ანგარიში მეორე ტაიმში გახსნა. 61-ე წუთზე სერხი კანოსმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, კარისკენ დაიძრა და ორ მცველს შორის მოქცეულმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან ძალიან ეფექტური დარტყმით გაიტანა.
90+1-ე წუთზე „ვალენსია“ კაცნაკლული დარჩა, ბოლო იმედის ჯარიმისთვის ტიერი კორეია მოედნიდან გააძევეს.
„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგაში გამართული 18 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და მეათე ადგილზეა.