გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „მესტალიაზე“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „მესტალიაზე“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში უშუალო კონკურენტს, აუტსაიდერ „ლას პალმასს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში საქართველოს ნაკრების მეკარე მასპინძელთა ძირითად შემადგენობაში იყო და ამჯერად კარის „მშრალად“ შენახვა ვერ მოახერხა.

„ვალენსიამ“ თამაში კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე პეპელუმ გუნდი პენალტით დააწინაურა. „ვალენსიას“ პირველ ტაიმში უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ვალენსიელთა ყოფილი მეკარე იესპერ სილესენი, რომელიც ახლა „ლას პალმასის“ ღრსებას იცავს, უშეცდომოდ თამაშობდა.

„ლას პალმასმა“ კი შეტევები გააძლიერა და მიზანსაც მიაღწია. 42-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილი ფაბიო სილვას დარტყმას გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა, მაგრამ ერთ წუთში მის მიერ მოგერიებული ბურთი კარის წინ მყოფ ალექს მუნიოსს მიუვიდა, რომელმაც დაბალ კუთხეში ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

„ლას პალმასმა“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. 49-ე წუთზე ქართველმა მეკარემ ალექს მუნიოსის დარტყმა მოიგერია, მაგრამ ორ წუთში პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ფაბიო სილვამ სტუმრები მაინც დააწინაურა.

85-ე წუთზე მოლეირომ მცველების შეცდომით ისარგებლა და მასპინძლებს მესამე გოლიც გაუტანა.

90+5-ე წუთზე სეზარ ტარეგამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „ვალენსიამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა და ლა ლიგაში გამართული 10 ტურის შემდეგ 6 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე დაქვეითდა.