გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ „ჟირონასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში გათამაშების ლიდერს, „ჟირონას“ ესტუმრა და მატჩის ბოლოს გაშვებული გოლებით დამარცხდა – 1:2.
14 ტურის შემდეგ „ჟირონა“ ლა ლიგაში მადრიდის „რეალთან“ ერთად ლიდერობდა და „ღამურებთან“ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ თამაში თავიდან მათთვის მოსალოდნელი სცენარით არ განვითარებულა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 57-ე წუთზე უგო დურომ „ვალენსია“ დააწინაურა.
„ჟირონა“ ამის შემდეგ მთელი ძალებით უტევდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა, მამარდაშვილი საიმედოდ თამაშობდა. ორი რეალური შანსი ჰქონდა „ვალენსიასაც“, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, 83-ე წუთზე მასპინძელთა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, კრისტიან სტუანიმ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ე წუთზე „ჟირონას“ გამარჯვება მოუტანა.
„ვალენსია“ 15 ტურის შემდეგ 19 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო „ჟირონამ“ (38) „რეალს“ გაასწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა ლა ლიგაში იქამდე, სანამ მადრიდელები ტურის მატჩს გამართავენ.