„ვალენსია“, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ლა ლიგის ერთ-ერთ გრანდს, მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრა და – 0:3 დამარცხდა.
საქართველსო ნაკრების მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგი პირველად საქმეში მე-20 წუთზე ჩაერთო, როდესაც ბრწყინვალე ნახტომში ალექსანდრე სორლოტის დარტყმა მოიგერია.
მაგრამ 39-ე წუთზე „ვალენსიას“ ვეღარც მან უშველა, როდესაც როდრიგო დე პაულის გადაცემით კონორ გალაჰერმა ისარგებლა და მადრიდის „ატლეტიკო“ დააწინაურა – 1:0. მადრიდელებმა უპირატესობა 54-ე წუთზე ანტუან გრიზმანის გოლით გაზარდეს.
„ატლეტიკოს“ 75-ე წუთზეც შეეძლო გატანა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა როდრიგო რიკელმეს შეტევა დროულად შეაჩერა. თუმცა 90+4-ე წუთზე ხულიან ალვარესმა „ვალენსიას“ მესამე ბურთიც გაუტანა და „ატლეტიკომ“ დიდი ანგარიშით მოიგო.