გიორგი მამარდაშვილი - ვალენსიაში გასეირნებისთვისაც მოვიცლი, მაგრამ ახლა მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობ #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი - ვალენსიაში გასეირნებისთვისაც მოვიცლი, მაგრამ ახლა მხოლოდ თასის ფინალზე ვფიქრობ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიას“ პრესსამსახურმა ინტერვიუში გუნდში ადაპტაციაზე, პრობლემებსა და მიზნებზე ილაპარაკა. საქართველოს ნაკრების და ესპანური გუნდის 21 წლის მეკარე ამბობს, რომ ესპანეთის თასის ფინალში თამაში და პირველი ტიტულის მოპოვება სურს.

„მარტო ვცხოვრობ და ერთ დღეს ქალაქში გასეირნებისთვისაც მოვიცლი, მაგრამ ახლა მხოლოდ ფინალზე ვფიქრობ.. ქუჩაში უკვე მცნობენ, ფოტოებს და ავტოგრაფებს მთხოვენ. ძალიან მადლობელი ვარ „ვალენსიას“ ყველა გულშემატკივრის კარგი მოპყრობისა და სიყვარულისთვის. ბორდალასი („ვალენსიას“ მწვრთნელი) დიდი პროფესიონალია და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ნდობით, რომელიც მწვრთნელმა გამომიცხადა. მომწონს მასთან მუშაობა. ჩემთვის ეს არის დიდი ნაბიჯი და დიდი გამოწვევა, რომლის მიღწევაც მინდა. მე კი გუნდთან ერთად თასის მოგება მსურს. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვალენსიელებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. მინდა, რომ გუნდთან ერთად თასის ფინალს კარგ ფორმაში შევხვდე“, – ამბობს მამარდაშვილი.

ქართველი მეკარის თქმით, „ვალენსიაში“ მოხვედრა მისთვის დიდი გამოწვევა იყო.

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვაგრძელებ მუშაობას, რომ მომავალში უკეთესი მეკარე გავხდე და ვისარგებლო იმ შესაძლებლობით, რაც გუნდმა მომცა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „მესტალიაზე“ გასვლა, რადგან თავადაც იცით, რომ აქ ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. მე ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ. აქ თამაში ფანტასტიკა და დიდი პატივია. ენის შესწავლა მინდა და მის შესასწავლად ყოველდღიურად ცოტას ვმუშაობ. მართალია, ეს ენა ქართულისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ვსწავლობ. ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ, განსაკუთრებით სილესენი და ოჩოტორენა. როცა აქ მოვედი, ესპანური არ ვიცოდი და იასპერთან ინგლისურად ვლაპარაკობდი.“