კარიერა | გიორგი მამარდაშვილი - პირველი ქართველი მეკარე, რომელმაც ტოპ-5-ლიგაში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

2000 წელს დაბადებული გიგანტი (199 სმ) გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. ლა ლიგის „ვალენსიაში“ გიორგი 28-ნომრიანი მაისურით გამოდის.

პროფესიული კარიერა 2018 წელს „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც გამოუცდელ მეკარეს შანსი არ მისცემია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მიღებაში ხელი არ შეუშალეს და 2019 წელს „რუსთავში“ გადავიდა. პირველი სერიოზული გამოცდა სწორედ ქვემო ქართლში ჩააბარა – სეზონში 28 მატჩი ჩაატარა.

2020-2021 წლებში „ლოკომოტივში“ გამოჩნდა, 29 მატჩი ჩაატარა და ყველამ გაიგო, რომ საქართველოში ნიჭიერი ბიჭი იზრდებოდა. 2020 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ევროპის ლიგაზე კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ და მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრის შემდეგ კი მის მონაცემებზე ევროპასა და რუსეთშიც ალაპარაკდნენ.

უეფა-მ ის 50 მოთამაშე საყურადღებო ტალანტს შორს დაასახელა. მაშინ გამოცემა „სოვეტსკი სპორტმა“ რუსულ კლუბებს ქართველი მეკარის აყვანა ურჩია.

„რუს ფანებს, შესაძლოა, მამარდაშვილი მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩით ახსოვდეთ, როცა რუსული კლუბი ევროთასებს სამარცხვინოდ დაემშვიდობა. „დინამოელები“ ბევრს ეცადნენ, რომ ახალგაზრდა მეკარისთვის გოლი გაეტანათ, მაგრამ ეს მხოლოდ 11-მეტრიანით (ისიც, 90-ე წუთზე) შეძლეს. მაშინ „დინამოს“ მცველმა სერგეი ორდეცმა განაცხადა, რომ „ასეთი თამაშის შემდეგ, ეს ბიჭი ნებისმიერ ევროპულ კლუბში გაიყიდება“. ეს არ იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარის დარაჯის ბოლო გაელვება ევროთასებზე, გრანადასთან მან 7 „სეივი“ მიითვალა, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო საკმარისი, რომ კარი მშრალად შეენახა. რუსულმა კლუბებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ახალგაზრდა ტალანტს. მით უფრო, რომ მისი ფასი (ტრანსფერმარკტის მიხედვით) ჯერ მხოლოდ 500 ათასი ევროა“, – წერდა „სოვეტსკი სპორტი“.

საბედნიეროდ, რუსულმა კლუბებმა ეს რჩევა ყურად არ იღეს, ახალგაზრდა მენეჯერმა ლევან სეთურიძემ კი წარმოუდგენელი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა და 2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადაიყვანა.

იქ ყველაფერი საჩვენოდ აეწყო – ქართველი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში მიიწვიეს, რომელიც ესპანურ მეხუთე დივიზიონში თამაშობს, მაგრამ მისმა თამაშმა მენეჯმენტის ჩანაფიქრი შეცვალა, ქართველმა ძირითადში გადაინაცვლა და ლა ლიგის სასტარტო 6 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის სექტემბერში მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებშიც შედგა.

„ლა ლიგა სანტანდერის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა აგვისტოში ლიგაში მეკარეთა გამორჩეული ეპიზოდები YouTube-არხზე გამოაქვეყნა და ყველაზე ეფექტიან მოგერიებად (სეივი) „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის ეპიზოდი ჩათვალა.

ხოსე ბორდალასი, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი:

„მამარდაშვილი? ის სიურპრიზია. მშვენივრად თამაშობს“.

სანტიაგო კანისარესი, „ვალენსიას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე:

„მამარდაშვილის მსგავსი ტრანსფერები რისკს არ შეიცავს და ამას არასოდეს გავაკრიტიკებ. ეს არის ფანტასტიკური მენეჯმენტი. კარგი გარიგებაა? მას მეც შევიძენდი“.

მაგრამ კანისარესის ვარაუდიც გამართლდა:

„მამარდაშვილთან დაკავშირებით მოთმინებაა გვჭირდება, რადგან ის ახალგაზრდაა და ვარჯიშზე და თამაშებზეც შეცდომებს დაუშვებს. მას შეუძლია ფიზიკურად და თეორიულად ძალიან კარგ დონეზე გაიზარდოს, მაგრამ მე მეშინია, რომ არ გადაიწვას“.

გამოუცდელმა მეკარემ ამხელა ზემოქმედებას ვერ გაუძლო, „რეალთან“ და „სევილიასთან“ შეცდა, სათადარიგოებში გადაინაცვლა, მაგრამ გუნდში და ესპანეთში მისი სჯერათ.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენიაში“ „დინამო თბილისმა“ 2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის შესაძლებლობით) გაუშვა. მესტალიელებმა მისი კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს გამოისყიდეს.

„ბოლო საათებში „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები გაააქტიურა – ფეხბურთელის აგენტებიც ვალენსიაში იმყოფებიან. „მესტალიელები“ შეუთანხმდნენ „დინამო თბილისს“, რომ იანვარში ტრანსფერის გამოსყიდვა 700,000 ათას ევროდ დაუჯდებათ. ახალი კონტრაქტის გაფორმება გიორგის დასაბევებლად არის საჭირო“, – ამტკიცებს „დარიო ასი“.

გიორგი მამარდაშვილი 21 წლის ბიჭისთვის ზედმეტად დიდ „ტალღებს“ უმკლავდებოდა და უმკლავდება, ასაკისთვის უჩვეული სიხარული, ტკივილი და იმედგაცრუება გადაიტანა, მაგრამ მას აქვს პოტენციალი, უფრო გაძლიერდეს და საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეკარე გახდეს. შეცდომები? ყველას მოსვლია, ამის გარეშე ვერავინ გაიზრდება.