გიორგი მამარდაშვილი - მოსაგებად ბოლოს რაღაც დაგვაკლდა, პირველი გოლის დროს ბურთს ვერ ვხედავდი #1TVSPORT
შოტლანდიასთან ფრედ (2:2) დასრულებულმა შეხვედრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს უკმაყოფილების განცდა რომ დაუტოვა, ამაზე მათი კომენტარები მეტყველებს. ჩვენი გუნდი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ბრიტანელებმა წონასწორობა ორჯერვე აღადგინეს.
მეკარე გიორგი მამარდაშვილის თქმით, პირველი გოლის დროს ბურთს ვერ ხედავდა:
„შოტლანდიასთან რთული თამაში გვქონდა, რომლითაც მარტის პლეიოფებისთვის ვემზადებით. ბოლო მომენტში მოსაგებად რაღაც დაგვაკლდა. პირველი გოლიც უცნაური იყო, რადგან დარტყმისას ბურთს ვერ ვხედავდი და ამან ხელი შემიშალა. შემდეგი მატჩი ესპანეთთან გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშები – ნაკრებში მოტივაცია არასდროს მაკლია“.
ლევან შენგელიამ შეცვლის მიზეზი დაასახელა:
„სანიოლმა ნაკრებში ახალ პოზიციაზე დამაყენა, სადაც ზოგჯერ თავს კომფორტულად ვგრძნობ. შოტლანდიასთან კარგი მომენტები მქონდა, თუმცა უკეთ დარტყმა შემეძლო. პირველ ტაიმში მხარი ამომივარდა და ჩამისვეს, მაგრამ მეორე ტაიმშიც იგივე მომივიდა და შესაცვლელი გავხდი“.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვალიადოლიდში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.