ინტერვიუ | გიორგი მამარდაშვილი - იმედია, „ვალენსიას“ დიდ ისტორიაში ჩავეწერები [ვიდეო] #1TVSPORT
ინტერვიუ | გიორგი მამარდაშვილი - იმედია, „ვალენსიას“ დიდ ისტორიაში ჩავეწერები [ვიდეო] #1TVSPORT

„ვალენსიას“ საკლუბო ტელევიზიამ გიორგი მამარდაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრების მეკარემ ისაუბრა კარიერაზე, ესპანეთში ცხოვრების სირთულეებსა და მათ დაძლევაზე, ასევე იმედებზე, რომელსაც კოპა დელ რეის უკავშირებს.

„კმაყოფილი ვარ, („ვალენსიაში“) ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. როგორც მე, ასევე გუნდმა დიდი სამუშაო გავწიეთ, რომ მოვიგოთ კოპა დელ რეი (ესპანეთის თასი) და ჩემპიონატის ბოლომდე გავიდეთ.

– ყოველდღე ვშრომობ იმისთვის, რომ განვვითარდე. „ვალენსიაში“ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კიდევ მეტი მინდა დავამტკიცო ჩემი თამაშით. ჩემი ყოველი დღე „ვალენსიაში“ არის უკეთესი, დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ, მათ შორის, ესპანურსაც, ყოველდღე მეტს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით.

– ფანტასტიკური სტადიონია („მესტალია“ – „ვალენსიას“ საშინაო არენა) – ეს გარემო, ატმოსფერო… აქ ადრე დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ეს ყველაფერი იგრძნობა. რაც შეეხება ჩემს კოლეგებსა და მწვრთნელებს, კარგი და პროფესიონალი ხალხია. ძალიან დამეხმარა ჯასპერი (სილესენი, მეკარე) – როცა ჩამოვედი, ესპანური კარგად არ ვიცოდი და დამეხმარა, რომ ამეთვისებინა აქაური ცხოვრება, ვარჯიშები და საერთოდ, ყველაფერი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მეკარეების მწვრთნელს, ვის ხელშიც ძალიან ბევრი ვისწავლე.

– განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რადგან რაც უნდა მოხდეს, ყველაფერში გვერდში მიდგანან და ახლა ჩემი თამაშით ძალიან ბედნიერები არიან. ასევე მადლობა ჩემს გარშემო მყოფ ქართველებს – სულ ვგრძნობ გვერდში დგომას, ჩემით ბედნიერები არიან და ჩემი წარმატება უხარიათ.

 

ბორდალასი არის პროფესიონალი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელი. ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მასთან მუშაობა. ბედნიერი ვარ, რომ მენდობა და მათამაშებს. მაქვს იმედი, რომ ჩავეწერები იმ დიდ ისტორიაში, რაც აქვს „ვალენსიას“. მესმის, რომ თასის ფინალი მნიშვნელოვანია. მეც და მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თამაში („ბეტისთან“) მოვიგოთ.

რთული იყო ესპანურის სწავლა, რადგან ქართულისგან განსხვავებული ენაა, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ და დავიწყე ლაპარაკი, რაღაცები უკვე მესმის და უკეთ ვისწავლი“.