გიორგი ლორიამ „დინამო თბილისი“ საქართველოს სუპერთასის ფინალში გაიყვანა - ტიტულისთვის ორი „დინამო“ იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველს სუპერთასის მეორე ფინალისტი „დინამო თბილისია“, რომელმაც ნახევარფინალში პენალტების სერიაში გორის „დილა“ (1:1, 4:2) დაამარცხა.
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების მეორე ფინალისტი „მიხეილ მესხი არენაზე“ გამოვლინდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 72-ე წუთზე თბილისელთა ნახევარმცველმა, ულად-ომარ იმრანმა გახსნა. მაროკოელმა ფეხბურთელმა „დილას“ კარი ეფექტური საჯარიმო დარტყმით აიღო.
მატჩის ბოლოს ვითარება არა მოედანზე, არამედ სათადარიგოთა შორის დაიძაბა. გუნდების მწვრთნელებს შორის ინციდენტის გამო მთავარმა არბიტრმა გორის „დილას“ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს ყვითელი ბარათი აჩვენა. 90+5-ე წუთზე კი „დილას“ თავდამსხმელმა, ონორე გომისმა ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ შეასრულა „დინამომ“ და 4:2 გაიმარჯვა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი თბილისელთა 19 წლის თავდამსხმელმა, ჯადული იობაშვილმა გამოიყენა. მატჩის გმირი თბილისურ კლუბში დაბრუნებული გიორგი ლორია იყო, რომელმაც ორი დარტყმა მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა.
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების ფინალში ორი „დინამო“ ითამაშებს – თბილისელები ბათუმის „დინამოს“დაუპირისპირდებიან, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა.
ტურნირზე ასევე გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ შეხვდებიან. სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს შედგება, მაგრამ სად, ჯერ უცნობია.