გიორგი ლორია, შეიძლება, „დინამო თბილისში“ დაბრუნდეს - „ანორთოსისის“ გეგმებში ვერც ებრალიძე მოხვდა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემის, protathlima.cyprustimes-ის ცნობით, ფამაგუსტას „ანორთოსისს“ გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე დატოვებენ.
„არსებული შემადგენლობიდან „ანორთოსისში“ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშის დარჩენაა მოსალოდნელი. კლუბის ხელმძღვანელობის პრობლემა ისაა, რომ თითქმის ყველა ლეგიონერს კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს უმთავრდება. ასეთები არიან ლორია, კიკო, ნინგა, ბაიჩინო, ვარისი და ებრალიძე – ისინი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებენ“, – ამტკიცებს გამოცემა.
გიორგი ლორია რომ გუნდს ტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა. Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების მეკარის დამატებაზე „დინამო თბილისი“ აქტიურად მუშაობს.
„იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას „ანორთოსისიდან“ წასვლის შანსი მაღალია, „დინამო თბილისის“ წარმომადგენლებსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და გამოცდილი ფეხბურთელის დამატება მისი სურვილია“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.