გიორგი ლორია - „ანორთოსისის“ მიზანი კვიპროსის თასის მოპოვებაა #1TVSPORT
გიორგი ლორიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის თასის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაზე პარალიმნის „ენოსისთან“, რომელიც ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ პენალტების სერიით მოიგო, ერთ-ერთი გმირი კი საქართველოს ნაკრების მეკარე გახდა.
„ანორთოსისს“ თასის მეოთხედფინალის საგზური დიმიტრი ქრისტოფისის ზუსტად შესრულებულმა პენალტმა მოუტანა, მაგრამ გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი გიორგი ლორიამაც ითამაშა – ქართველმა მეკარემ ალექსანდარ ვუჩენოვიჩის მეორე დარტყმა მოიგერია და „ანორთოსისის“ გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი.
„ეს იყო ერთმატჩიანი დაპირისპირება, რომელშიც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი მეტოქე თავს კარგად იცავდა, რთული მატჩი იყო. კარგია, რომ ეს ეტაპი გავიარეთ და ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ჩვენი მთავარი მიზანი თასის მოპოვებაა, მაგრამ ჩემპიონატის ყველა მატჩშიც ვიბრძოლებთ. ვულოცავ „ანორთოსისის“ ყველა გულშემატკივარს, ისინი ჩვენი გამარჯვებით გაიხარებდნენ. ახლა ჩვენ პერსპექტივას ვხედავთ“, – ამბობს გიორგი ლორია.
36 წლის კიპერი „ანორთოსისის“ შემადგენლობაში 2021 წელს უკვე გახდა კვიპროსის თასის და შემდეგ სუპერთასის მფლობელი. ლორია „დინამო თბილისში“ გამოსვლის დროს ყველა მნიშვნელოვანი ქართული ტიტულის გამარჯვებულიცაა – 3-3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2008, 2013, 2014) და საქართველოს თასის (2009, 2013, 2014) მფლობელი, ხოლო ორჯერ საქართველოს სუპერთასის (2006, 2008) გამარჯვებული.