გიორგი ლომთაძე - გორის „დილა“ სანაკრებო დონეზეც დამეხმარება #1TVSPORT
გორის „დილას“ ახალწვეულმა, „სამტრედიას“ ყოფილმა შემტევმა, გიორგი ლომთაძემ ახალ გუნდში გადასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„გორის „დილაში“ გადასვლა რამდენიმე ფაქტორმა გადამაწყვეტინა. სტაბილური და ამბიციური გუნდია, რაც ვიცი, კარგი ვითარებაა და ასევე ძალიან მომწონს თამაშის ის სტილი, რასაც ანდრეი დემჩენკო ითხოვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არჩევანი გორის „დილაზე“ შემეჩერებინა. ძალიან მომწონს ის გარემო, რაც გორშია, აქ მშვენიერი მოედანი და ინფრასტრუქტურაა, კლუბს აქტიური გულშემატკივარი ჰყავს – მათ ვპირდები, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარები“, – ამბობს გიორგი ლომთაძე.
დასრულებული სეზონი 20 წლის ფეხბურთელისთვის სადებიუტო იყო ეროვნულ ლიგაში. გიორგიმ ისაუბრა, რამდენად კმაყოფილი დარჩა საკუთარი თამაშით:
„ვთვლი, რომ სადებიუტო სეზონი პროგრესში დამეხმარა. მართალია, „სამტრედიასთვის“ წარმატებული წელი არ გამოდგა, მაგრამ ზოგადად სეზონმა დამანახა რაში შემიძლია მომატება, თავი რომ უკეთ წარმოვაჩინო. მინდა ,ასევე „სამტრედიას“ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო“.
ლომთაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. მისი აზრით, ახალი გუნდი დაეხმარება, რომ სანაკრებო დონეზე კიდევ უფრო ინტენსიურად ითამაშოს:
„ნათამაშები მაქვს როგორც 17, ასევე 19 წლამდე ნაკრებში – ამჟამად 21 წლამდე ნაკრების წევრი ვარ. ვფიქრობ, გორის „დილა“, თავისი ამბიციებიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სანაკრებო დონეზე მეტი წარმატების მიღწევაში ძალიან დამეხმარება“.
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრმა „დილასთან“ სამწლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. გიორგი ლომთაძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონი 2021 წელს „სამტრედიაში“ ჩაატარა, სადაც 30 შეხვედრაში ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.