გიორგი ლომთაძე - „დილაში“ გადასვლისას გადამწყვეტი მწვრთნელის ფაქტორი აღმოჩნდა #1TVSPORT
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ლომთაძე „დილაში“ ითამაშებს – ინფორმაციას გორის კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. გიორგიმ „დილასთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რომელიც სამ წელზეა გათვლილი.
20 წლის შემტევი ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ეროვნული ლიგაში სადებიუტო სეზონი 2021 წელს „სამტრედიაში“ ჰქონდა და 30 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. გიორგი ლომთაძეს უთამაშია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.
კლუბის ახალწვეულმ,ა გიორგი ლომთაძემ კლუბში გადასვლის დეტალებსა და მოტივებზე ისაუბრა:
„გორის „დილა“ სტაბილური და ამბიციურია. გუნდში კარგი ვითარებაა და ძალიან მომწონს ანდრეი დემჩენკოს სათამაშო სტილი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე „დილაში“ თამაში. დასრულებული სეზონი ჩემთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო იყო. ეს პერიოდი დამეხმარა პროგრესში, მართალია „სამტრედიასთვის“ ეს წარმატებული წელი არ იყო, მაგრამ დავინახე, რომელ კომპონენტებში შემიძლია მომატება. მინდა „სამტრედიას“ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო”, – ამბობს გიორგი ლომთაძე.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავსი ახალ კლუბზეც ისაუბრა:
„ძალიან მომწონს გორში არსებული საფეხბურთო გარემო, აქ მშვენიერი მოედანი და ინფრასტრუქტურაა. კლუბს კარგი გულშემატკივარი ჰყავს – მათ ვპირდები, რომ მაქსიმალურად შევეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. ნათამაშები მაქვს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ამჟამად 21-წლამდელების წევრი ვარ. ვფიქრობ, ახალი გუნდი, თავისი ამბიციებიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, სანაკრებო დონეზე მეტი წარმატების მიღწევაში ძალიან დამეხმარება”.