გიორგი კვესელაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში სარაგბო ვებგვერდ „ლოველლ რაგბის“ (LOVELL RUGBY) ვერსიით მოხვდა. „ლოველლი“ ტანსაცმლის მაღაზიაა, რომელიც „ბრიტანელ და ირლანდიელ ლომების“ ფორმებს აწარმოებს.
ქართველი შუამარბი გუნდში ისეთ ვარსკვლავებთან ერთადაა, როგორებიც ახალ ზელანდიელი აკირა იოანე, ვილ ჯორდანი და არდი სავეა, ფრანგი ბრის დულინი და ინგლისელი სემ ანდერჰილი არიან.
გიორგი კვესელაძის კარგი თამაში შენიშნა ლეგენდარულმა ირლანდიელმა შუამარბმა ბრაიან ო’დრისკოლმაც:
„მე რომ ევროპული კლუბი ვიყო, რომელიც შუამარბს ეძებს, სერიოზულად დავფიქრდებოდი ქართველ გიორგი კვესელაძეზე (13). გარდა იმისა, რომ მან შესანიშნავი ლელო დადო, კვესელაძემ აჩვენა, რომ დაცვაშიც კარგად შეუძლია თამაში. აგრესიული და მშრომელი. თავისუფლად შეეძლოთ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაესახელებინათ.“