19 წლის გიორგი კვერნაძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ ფეხბურთელს, რომელმაც 2022 წელი „თელავში“ იჯარით ითამაშა, „ნაპოლი“ აკვირდება, ბათუმში პროგრესის შემთხვევაში კი შესაძლოა, ტრანსფერის საკითხი დადგეს.
„კვერნაძის თაობაზე მოლაპარაკება დადებითად გადაწყდა და დღეს უკვე ვარჯიშს ჩვენთან დაიწყებს. მისი დიდი იმედი გვაქვს და მჯერა, რომ გაცემულ ავანსებს გაამართლებს“, – ამბობს ბერიძე.
საქართველოში კიდევ ერთი ტალანტი რომ აღმოაჩინა, ამის შესახებ პირველად Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში კრისტიან ძაკარდომ გაამხილა – იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილმა მცველმა, რომელიც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში მონაწილეობდა.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი სხვა სიახლეებზეც გვესაუბრა:
„უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო სინჯებზეა და მასთან დაკავშირებით მწვრთნელი გადაწყვეტილებას ანტალიის შეკრების შემდეგ მიიღებს. ასევე მოხდება ბოლნისის „სიონის“ საყრდენის, ივანე ფოცხვერიასა და ფოთის „კოლხეთის“ ნახევარმცველის, გიორგი ხარებავას შემთხვევაშიც. თურქეთში 2-3 ლეგიონერს ველოდებით. ერთი ცენტრალური მცველია, ერთიც – საკმაოდ მაღალი დონის თავდამსხმელი“.