გიორგი კუხიანიძემ და დავით სამურკასოვმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს #1TVSPORT
გიორგი კუხიანიძემ და დავით სამურკასოვმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს #1TVSPORT

გიორგი კუხიანიძემ და დავით სამურკასოვმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს და ახალი კლუბის მოძებნა მოუწევთ, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი კუხიანიძემ და დავით სამურკასოვმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, – წერია გუნდის განცხადებაში.

დავით სამურკასოვი ქუთაისის „ტორპედოში“ წლეულს ჩაირიცხა და კლუბის ფორმით ჩატარებულ 16 თამაშში ერთი საგოლე პასი გააკეთა. თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილი „ტორპედოს“ საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის „ეპისკოპიდან“ შეუერთდა. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

გიორგი კუხიანიძე კი „ტორპედოს“ აღზრდილია და კლუბის ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა. 2019 წელს ფინანსური პრობლემების გამო გუნდი დატოვა და 2022 წელს დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში კუხიანიძე გუნდის კაპიტნად აირჩიეს – მან 8 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ გუნდი როინ კვასხვაძემ, ლევან გეგეჭკორმა, გიორგი ქიმაძემ და ნიკა კაჭარავამ დატოვეს. ჩხეტიანის ნაცვლად, „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად შოტლანდიელი სტივ კინი დაინიშნა.