გიორგი კუცია - იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას შევძლებ #1TVSPORT
გიორგი კუცია - იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას შევძლებ #1TVSPORT

რივნეს „ვერესის“ ისტორიაში პირველმა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი კუციამ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

„ახალ გუნდში გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა მეორე საყვარელი ქვეყანაა – აქაურობა ძალიან მიყვარს. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატებს თუ შევადარებთ, ჩემი აზრით, უკრაინის პირველობა ერთი საფეხურით მაღლა დგას, აქ უფრო ძლიერი გუნდები თამაშობენ.

„ლიეპაიაში“ თამაშის დროს, თურქეთში შეკრებაზე, „ვერესთან“ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც ბურთის კარგად გაკოტროლება ეხერხება. ვიმედოვნებ, რომ რივნეში ჩემს შესაძლებობებს მაქსიმალურად გამოვავლენ. გუნდს შესანიშნავი სტადიონი აქვს, სადაც კარგი მოედანი და საოცარი აურაა. ეს ყველაფერი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებში გარკვეული პერიოდის წინ გამოძახებული ვიყავი. იმედი მაქვს, „ვერესში“ თავს გამოვიჩენ და საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას შევძლებ. მოედანზე ჩემი ძლიერი მხარეების დემონსტრირებისთვის მზად ვარ“, – განაცხადა გიორგი კუციამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კუციამ „ვერესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.