გიორგი კოხრეიძე უცხოეთში წასვლას არ გამორიცხავს და „საბურთალოში“ ისევ 10 ნომრით ითამაშებს
გიორგი კოხრეიძე უცხოეთში წასვლას არ გამორიცხავს და „საბურთალოში“ ისევ 10 ნომრით ითამაშებს

გიორგი კოხრეიძე, რომელიც „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან კომენტარი გუნდის შეკრებაზე და გავრცელებულ ხმებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც გუნდში პრესტიჟული 10 ნომრის ჩამორთმევას და გიორგი ჭანტურიასთვის გადაცემას აპირებენ.

„საბურთალოში“ ისევ იმ ნომრით ვითამაშებ, რა ნომრითაც ვთამაშობდი. გია ცეცაძე ახალგაზრდული ნაკრების მსგავსად, აქცენტს სწრაფ, შემტევ ფეხბურთზე აკეთებს. წელს ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული გვყავს, როგორც ქართველი, ასევე ლეგიონერი ფეხბურთელები. ზოგადად, ფეხბურთელს ახალ კლუბში გარკვეული ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ მათ უკვე გაიარეს ეს პროცესი” – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

გიორგი ესპანურ შეკრებაზეც ილაპარაკა: „ესპანურ შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს. „ზენიტს“ შევხდით – ჩვენი სუსტი მხარეები ასეთი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოჩნდება. დავინახეთ, რომ ფაქტობრივად ყველა კომპონენტში ჩვენზე ბევრად წინ არიან. ფიზიკურადაც ძლიერები იყვნენ, ბევრს მოძრაობდნენ და ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში. მიუხედავად მარცხისა, ჩვენთვის ეს შეხვედრა სასარგებლო იყო” – ამბობს კოხრეიძე.

21 წლის თავდამსხმელმა კომენტარი 26 თებერვალს დანიშნულ სუპერთასის შეხვედრაზეც გააკეთა, სადაც „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება: „ამ შეხვედრამდე ორი კვირა დარჩა. სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემპიონობისა და თასის შემდეგ, საქართველოში მესამე ტიტულიც მოვიგო”.

გიორგის თქმით, საუბრები მისი უცხოეთში წასვლაზე ჯერ არ დასტურდება: „ჯერჯერობით არაფერი ახალი არაა. თუმცა მოლოდინში ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი. მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო, რათა განვვითარდე და პროგრესი განვაგრძო”.